კოსოვოსთან სერბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ინიციატივას სერბეთის პარლამენტში სესიის შეფერხება მოჰყვა
კოსოვოსთან სერბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ინიციატივას სერბეთის პარლამენტში სესიის შეფერხება მოჰყვა

კოსოვოსთან სერბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ინიციატივას სერბეთის პარლამენტში სესიის შეფერხება მოჰყვა. სერბეთის საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში მისული სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადება გააპროტესტა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზის გასაგრძელებლად, სერბეთმა კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია უნდა მოახდინოს.

სერბეთის ოპოზიციამ ქვეყნის პრეზიდენტი კაპიტულაციაში დაადანაშაულა. ვუჩიჩმა ოპოზიციას შეურაცხმყოფელი შენიშვნებით უპასუხა და მათ ქურდები და მშიშრები უწოდა.

„ჩვენ რთულ და ძალიან დელიკატურ მომენტში ვართ. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ხალხს კოსოვოსა და მეტოჰიაში. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ავირიდოთ დაგმობა და დასჯა და, მესამე მხრივ, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებზე. დასავლეთის ოფიციალური პირები მეუბნებიან, ბატონო პრეზიდენტო, თუ ამ ინიციატივაზე მუშაობა და ამ ინიციატივის განხორციელება არ მიიღება, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერდება. არა მხოლოდ დასავლური სამყაროდან სერბეთში შემდგომი ინვესტიციები შეწყდება, არამედ თქვენი ქვეყნიდან ყველა ინვესტიცია გავა, იქნება სხვა ყოვლისმომცველი ზომები, რომლებმაც უნდა აჩვენონ, თუ როგორ უნდა დაასრულონ მათ, ვინც არ არის შეთანხმებული ევროკავშირთან“, – თქვა ალექსანდრე ვუჩიჩმა.

კრიზისული საკითხის დარეგულირებაზე იმსჯელეს კოსოვოშიც, სადაც თქვეს, რომ კოსოვოს კონტროლირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა, სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაცია შეიქმნას.

„ასოციაცია უნდა შეესაბამებოდეს კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და კანონებს. მეორე, ასოციაცია არ შეიძლება, იყოს მონოეთნიკური, მან უნდა შეიცვალოს სახელი, არ ჰქონდეს გამგეობა, არ ჰქონდეს საჯარო ან აღმასრულებელი უფლებამოსილება. მხოლოდ კონსტიტუციით და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ გათვალისწინებული კანონებით უნდა ემსახურებოდეს მუნიციპალიტეტების ჰორიზონტალურ თანამშრომლობას. ასოციაციის შექმნამდე ჩრდილოეთში არსებული სერბეთის არალეგალური სტრუქტურები უნდა დაიშალოს და ყველა უკანონო იარაღის გადაცემა უნდა მოხდეს“, – განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ.