კოსოვოში დეპუტატებმა პარლამენტის დათხოვნას მხარი დაუჭირეს
კოსოვოში დეპუტატებმა პარლამენტის დათხოვნას მხარი დაუჭირეს

კოსოვოში დეპუტატებმა პარლამენტის დათხოვნას მხარი დაუჭირეს, რითაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გაუხსნეს გზა.

შესაბამის გადაწყვეტილებას 120-ადგილიანი პარლამენტის 89 წევრმა დაუჭირა მხარი. არჩევნები 45 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

ივლისში კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სამხედრო დანაშაულებზე მომუშავე კოსოვოს პროკურორმა ის 1998-1999 წლებში სერბეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში მის როლთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა. მაშინ ჰარადინაი კოსოვოს გათავისუფლების არმიას მეთაურობდა. კოსოვოს ექს-პრემიერი დანაშაულის ჩადენას უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა, ყველა ბრალდებას უპასუხოს.

წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარის ხმებს ვერ დააგროვებს. ამგვარად, მოსალოდნელია ხანგრძლივი კოალიციური მოლაპარაკებები.

ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციაში შედიოდნენ ჰარადინაის პარტია ცენტრისტულ-მემარჯვენე „ალიანსი კოსოვოს მომავლისთვის“, „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ და პარტია „სოციალურ-დემოკრატიული ინიციატივა“.

ჰარადინაიმ პრემიერ-მინისტრის პოსტის თანამდებობა 2005 წელსაც დატოვა, როდესაც ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ტრიბუნალმა მას ბრალი წაუყენა. აღნიშნულმა სასამართლომ ის ორჯერ გაამართლა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.

დატოვე კომენტარი