კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

16:25, 16.09.2026
კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში

ჰააგაში განთავსებულმა კოსოვოს ომის დანაშაულთა სპეციალურმა სასამართლომ 58 წლის ჰაშიმ ტაჩი გასული საუკუნის 90-იან წლებში სერბეთიდან რეგიონის ძალადობრივი გზით გამოყოფის დროს ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტსა და „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ (KLA) ყოფილ მთავარსარდალს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ მას 96 პოლიტიკური ოპონენტის და სერბეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირის მკვლელობაში დასდო ბრალი.

ტაჩი ყველა ბრალდებას უარყოფდა. მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ წაყენებული ბრალი უსაფუძვლო იყო და ისტორიის გადაწერის მცდელობას წარმოადგენდა. მათივე განცხადებით, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც სავარაუდო დანაშაულებთან ტაჩის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა ან დაასაბუთებდა, რომ იგი „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ სხვა მეთაურების დანაშაულებრივ ქმედებებს აკონტროლებდა.

სასამართლო პროცესს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს კოსოვოსა და სერბეთში, სადაც 1998-1999 წლების კონფლიქტის შედეგები და 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება დღემდე ალბანურენოვან და სერბულენოვან თემებს შორის დაძაბულობის წყაროს წარმოადგენს.

განაჩენის გამოცხადებამდე, კოსოვოს მრავალ ქალაქში აქციები გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას KLA-ს დროშები ფრიალებდა.

პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი სამართალდამცავები, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, ემზადებიან იმ შემთხვევისთვის, თუ საპროტესტო აქციები ძალადობრივ ხასიათს მიიღებს.

აშშ-ის და რამდენიმე სხვა ქვეყნის საელჩომ კი რეგიონში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდების რეკომენდაცია მისცა.

ჰააგაში, კოსოვოს საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის პროკურორებმა ჰაშიმ ტაჩის ბრალი 2024 წლის დეკემბერში წარუდგინეს.

ტაჩი კოსოვოს პრეზიდენტად 2008 წელს, სერბეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აირჩიეს, 2020 წლის ბოლოს კი ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რათა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე სასამართლოში გაეცა პასუხი.

კოსოვოში მას ეროვნულ გმირად მიიჩნევენ, თუმცა პროკურორები ტაჩის, ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ, სერბეთისგან მისი ყოფილი პროვინციის ძალადობრივი გზით ჩამოშორების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

სტატია: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)

ფოტო: ჯერი ლამპენი / POOL / ANP / AFP

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი, 2026 წელი, 11:38 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი