კოსოვოს პრეზიდენტი კოსოვოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში სერბეთს ადანაშაულებს
კოსოვოს პრეზიდენტი კოსოვოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში სერბეთს ადანაშაულებს

კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი კოსოვოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში სერბეთსა და მის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს ადანაშაულებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ოსმანიმ განაცხადა, რომ გასულ კვირას კოსოვოს ჩრდილოეთში შეიარაღებულ მამაკაცებსა და კოსოვოს პოლიციას შორის მომხდარი სროლის უკან, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, სერბეთი დგას.

„კოსოვო თავდასხმის ქვეშაა. შეიარაღებულმა ჯგუფმა, უბრალოდ, გამოიყენა სერბეთის, როგორც ქვეყნის და ვუჩიჩის, როგორც ლიდერის განზრახვები და მოტივები. პრეზიდენტ ვუჩიჩს ვეტყოდი – შეწყვიტე. კოსოვო ნებისმიერ ფასად აპირებს, დაიცვას თავისი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ოსმანიმ.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ბრალდებებს უარყოფს.

კოსოვოს მთავრობამ გამოაქვეყნა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჯგუფი კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული იყო.

ოსმანიმ განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები, შესაძლოა, განმეორდეს უახლოეს მომავალში და სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთოს, რათა სერბეთმა ასეთი ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტოს.

კოსოვო და სერბეთი, ათ წელზე მეტია, აწარმოებენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე, რასაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ამ წლის დასაწყისში ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებაზე, მაგრამ შემდეგ ვეღარ შეთანხმდნენ, როგორ უნდა განეხორციელებინათ ეს შეთანხმება.

ოსმანის თქმით, მოლაპარაკებები არ შეიძლება, გაგრძელდეს ისე, როგორც ადრე.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ პოლიციამ აღმოაჩინა ხუთი მილიონი ევროს ღირებულების იარაღი, რაც „საკმარისია ასობით მებრძოლისთვის“.