კოსოვოს პარლამენტმა უსაფრთხოების ძალების ბაზაზე ჯარის ფორმირების ინიციატივას მხარი დაუჭირა
კოსოვოს პარლამენტმა უსაფრთხოების ძალების ბაზაზე ჯარის ფორმირების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ბალკანური მედიის ცნობით, სერბული პარტიის წევრებმა კენჭისყრის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კოსოვოს ჯარის შექმნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.
კოსოვოს ჯარის შექმნა კოსოვოს პრემიერ რამუშ ჰარადინაის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
გასულ კვირას გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ გაერო-ს მშვიდობისმყოფელების კოსოვოდან „გასვლის სტრატეგიაზე“ ისაუბრა. გაერო-ს გენერალური მდივნისადმი გაკეთებულ მიმართვაში ჰეილიმ თქვა, რომ გაერო-მ რთულ კონფლიქტს თავი გაართვა და ამჟამად კოსოვო უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოწოდება, რომ მშვიდობისმყოფელებმა კოსოვო დატოვონ, სერბეთს საკუთარი მოსახლეობის დაცვას აიძულებს.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კოსოვოს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.