კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთის ოფიციალურ პირებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა
კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთის ოფიციალურ პირებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთის ოფიციალურ პირებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, იეტლირ ზუბერაის განცხადებით, ეს არის პასუხი კოსოვოს შესახებ სერბეთის მუდმივ პროპაგანდასა და ყალბ ამბებზე.

კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სერბეთი სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

კოსოვოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ბელგრადში. სერბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ბელგრადი კოსოვოს წარმომადგენლების მიმართ ანალოგიურ ზომებს მიიღებს.

სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც კოსოვომ სერბულ საქონელზე 100-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. ბელგრადში ამბობენ, რომ ტარიფების დაწესების შემდეგ, კოსოვოს ჩრდილოეთში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა.