კოსოვომ სერბეთსა და ბოსნიაში წარმოებულ პროდუქციაზე საქონლის ღირებულების 100%-ის ტოლფასი საბაჟო ტარიფი დააწესა
კოსოვომ სერბეთსა და ბოსნიაში წარმოებულ პროდუქციაზე საქონლის ღირებულების 100%-ის ტოლფასი საბაჟო ტარიფი დააწესა

კოსოვომ სერბეთსა და ბოსნიაში წარმოებულ პროდუქციაზე საქონლის ღირებულების 100%-ის ტოლფასი საბაჟო ტარიფი დააწესა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ბალკანეთის ბიურო ავრცელებს.

ახალი ზომები ძალაში ბრძანების გამოქვეყნებისთანავე შევიდა. როგორც ცნობილია, ახალი ტარიფები შეეხება სერბეთსა და ბოსნიაში წარმოებულ ყველა პროდუქტს, გარდა საერთაშორისო ბრენდებისა.

„ასოშიეითედ პრესსის“ ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი არის პრიშტინას პასუხი, სერბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე კოსოვოს „ინტერპოლში“ გაწევრიანება დაბლოკოს.

სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოს გადაწყვეტილებას არარაციონალური უწოდა. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ბელგრადი საპასუხო ზომებს არ მიიღებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური წერილით მიმართავს.

ნოემბერში კოსოვომ სერბეთსა და ბოსნიაში წარმოებულ პროდუქციაზე 10%-აინი საბაჟო ტარიფი დააწესა, რაც ბელგრადმა და სარაევომ ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დარღვევად შეაფასეს.

კოსოვო, სერბეთის ყოფილი ავტონომიური მხარეა, რომელსაც ბელგრადი 1999 წლიდან არ აკონტროლებს. 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც გაეროს წევრი 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს.