კოსოვომ ახალი პრეზიდენტი აირჩია და ამით კიდევ ერთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს „გადაურჩა“
კოსოვოს დროშა (საილუსტრაციო ფოტო)
ქვეყნის პრეზიდენტად ეკონომისტ ჯუსტინა შიროკა-პულას არჩევით, კოსოვოს პარლამენტმა რიგგარეშე არჩევნები თავიდან აიცილა. კენჭისყრა შუაღამემდე (ადგილობრივი დროით) ცოტა ხნით ადრე დაიწყო, როდესაც პრეზიდენტის არჩევისთვის დადგენილი საბოლოო ვადა იწურებოდა. კენჭისყრის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, პარლამენტი ავტომატურად გამოცხადდებოდა დათხოვნილად და დაინიშნებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები – რიგით მეოთხე ბოლო ორი წლის განმავლობაში.
შიროკა-პულამ 81 ხმა მიიღო, მაშინ როდესაც პრეზიდენტად ასარჩევას 80 ხმა იყო საჭირო. ალბინ კურტის მთავრობამ მისი არჩევისთვის საჭირო ხმების უზრუნველყოფა მას შემდეგ შეძლო, როდესაც ჰააგაში მოქმედი კოსოვოს სპეციალური სასამართლოს უფლებამოსილებების შემცირების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
გასულ თვეშის, სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისა და კიდევ სამ პირს, 1998-1999 წლებში სერბეთისგან კოსოვოს ძალისმიერი გზით გამოყოფის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, ჯამში, 81 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენმა კოსოვოში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ორშაბათს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა იმ მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც სპეციალური სასამართლოს უფლებამოსილებების შემცირების დამტკიცებას ითხოვდნენ.
კოსოვოში პრეზიდენტის პოსტი, ძირითადად, ცერემონიულია, თუმცა ის ხშირად ხდება პოლიტიკური არასტაბილურობის წყარო, ვინაიდან პრეზიდენტის არჩევისთვის პარლამენტის ორ მესამედის უმრავლესობაა საჭირო, პარტიებს კი უჭირთ ამა თუ იმ კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა.
შიროკა-პულა პროფესიით ეკონომისტია; ის ენერგეტიკისა და სამთო მოპოვების საქმეთა ყოფილი მინისტრი და კოსოვოს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის მოქმედი პრეზიდენტია.