კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ბოლნისში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ბოლნისში დაფიქსირდა

ბოლნისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქედან ხუთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფიცირებული წარმომადგენლების ოჯახის წევრები არიან.

„რვა დადასტურებული ფაქტია ბოლნისში. აქედან ხუთი არის სასწრაფო დახმარების პერსონალის ოჯახის წევრი. დანარჩენი სამიდან ერთი სასწრაფოს ექიმია, ორი კი, ექთანი. გუშინ  სიმპტომების მქონე 34 პირისგან აიღეს საკვლევი მასალა. მათგან დადასტურებულია რვა შემთხვევა. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტია, რვა გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, სრულად დაიკეტა სოფელი სავანეთი.

ეპიდემიოლოგებთან მიდის მსჯელობა. ველოდებით პასუხს. უკვე გამკაცრებულია თვითიზოლაცია ქალაქის მასშტაბით, მაგრამ დამატებით რა ღონისძიებები იქნება, მოგვიანებით გეტყვით. ამ წუთისთვის თვითმმართველობის თანამშრომლები არ არიან ინფიცირებული“, – აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 336 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.