კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გრძელდება. რეგულაციების ნაწილი დღეიდან მოიხსნება.

საქართველოში დღეიდან შემდეგი შეზღუდვები იხსნება:

• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები – როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ დღეიდან, პირველი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით;

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ დღეიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

• დღეიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

• რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში დღეიდან – პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან;

• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

• დღეიდან შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპებს:

• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პისიარტესტის ნეგატიური პასუხით, დღეიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, ამ ეტაპზე შენარჩუნდება ამ დრომდე მოქმედი რეჟიმი.

დატოვე კომენტარი