კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, „იუთუბმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა
კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, „იუთუბმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა

კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, „იუთუბმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს „იუთუბის“ არხიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემცველი შინაარსის ვიდეოები წაიშალა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ფართო კრიტიკა დაიმსახურა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო განცხადებების, დაუმოწმებელი სამკურნალო საშუალებების რეკლამირების, ვაქცინების სარგებლობაში ეჭვის დათესვისა და პირბადეების ტარების უგულვებელყოფის გამო.

„იუთუბის“ განცხადების მიხედვით, კომპანიის წესები არ დაუშვებს ისეთი შინაარსის მქონე ვიდეოებს, რომელშიც პრეზიდენტი ვირუსთან საბრძოლველად ნიღბების ტარების წინააღმდეგ გამოდის და რამდენიმე ნივთიერებას კორონავირუსის სამკურნალო ან პროფილაქტიკის საშუალებად ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „ტვიტერმაც“ და „ფეისბუქმაც“ წაშალეს ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები, რომელშიც ჟაირ ბოლსონარო მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებდა.