კორონავირუსმა საფეხბურთო კლუბის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე შეიწირა – ლორენცო სანსის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში, კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი გახდა ცნობილი: კორონავირუსის შედეგად იტალიაში 37 წლის ანდრეა მიკელიც გარდაიცვალა.
მიკელი სერია C-ს კლუბის, „პერგოლეტესეს“ ყოფილი პრეზიდენტი იყო. ის მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საშიშ ვირუსს ორი კვირა ებრძოდა, მაგრამ საწუხაროდ, დამარცხდა.
* „სამწუხარო დღეა გუნდისთვის, რომელიც გლოვობს ანდრეა მიკელის, კლუბის ყოფილი პრეზიდენტის და ჩვენი მარადიული სპონსორისა და გულშემატკივრის გარდაცვალებას. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მიკელის მთელ ოჯახს” – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
ანდრეა მიკელი ლომბარდიის პროვინციაში კარგად იყო ცნობილი, განსაკუთრებით ქალაქ კრემონაში, სადაც ბიზნესი განავითარა. მიკელის ფეხბურთი უყვარდა და ბოლო რამდენიმე წლის უმეტესი ნაწილი საყვარელ თამაშს მიუძღვნა. მიქელი „პერგოლეტესის“ პრეზიდენტი 2012-2016 წლებში იყო. მისი მმართველობის დროს, მოკრძალებული საფეხბურთო კლუბი სერიიდან D-დან სერია C-ში გადავიდა, სადაც დღემდე გამოდის.