კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მისივე თქმით, საუბარია იმპორტირებულ შემთხვევაზე.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ეპიდემიოლოგიური კუთხით, ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა.

„თქვენ იცით, რომ დაახლოებით ორი კვირაა, შემთხვევების ძალიან ზომიერი მატება, სტაბილზიაცია გვაქვს. დღეში 2-3 ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და ახლაც მხოლოდ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. იყო 926 და ახლა არის 928 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი სამით გაიზარდა და ამჟამად არის 794“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულების 85 პროცენტზე მეტია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი რჩება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა, ხოლო კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, კლინიკაში ამჟამად 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა რუტინული კვლევებით საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და სიტუაცია მართვადია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.