საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა

13:26, 04.10.2020

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 82 წლისაა. პაციენტი ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან პირველ ოქტომბერს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ტვინში სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა და ბათუმის კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კორონავირუსიც დაუდასტურდა.

„ეს პაციენტი მკურნალობდა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში საკმაოდ მძიმე დიაგნოზით, თავის ტვინში სისხლჩაქცევით. იქ ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა და დადგინდა, რომ პაციენტი იყო კოვიდინფიცირებული. პირველ ოქტომბერს ბათუმიდან ჩვენს კლინიკაში მოხდა პაციენტის გადმოყვანა. ანამნეზში არის თავის ტვინის სისხლჩაქცევა, იყო გულისა და სუნთქვის უკმარისობა. მისი ასაკი იყო 82 წელი. ჩვენი აქტიური მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 50-ს შეადგენს.

მსგავსი