კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს
კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსით 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს. გერმანული ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.​

„პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 საათზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება.

კრიტიკული მდგომარეობის გამო, გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

ამასთან, მისივე თქმით, თანმხლები დაავადების შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

„ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისათვის არსებობს სპეციალური სამსახური, სადაც გადაგზავნილია სამედიცინო ისტორია, ხდება სამედიცინო შემთხვევის შესწავლა. ჩვენ მუდმივად კორელაციაში ვართ სამედიცინო ჯგუფთან. დღეს არსებული გაიდლაინებით იყო დაწყებული მკურნალობა. პრეჰოსპიტალურ ეტაპზე დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რაც იყო და დაფიქსირდა კლინიკაში შემოსვლისას, ეს არ იყო მძიმე, იყო კრიტიკული. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.

მანამდე, სავარაუდოდ, შეკრებილი ანამნეზიდან შეიძლება გითხრათ, რომ თანმხლები დაავადება რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად მართული, თვითონ პაციენტის მიერ, თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ. თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ მძიმე“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.