კორონავირუსის შემთხვევების გამო, დისტანციურ სწავლებაზე კახეთში კიდევ ორი სკოლა გადადის
კორონავირუსის შემთხვევების გამო, დისტანციურ სწავლებაზე კახეთში კიდევ ორი სკოლა გადადის

სპეციალისტების გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, დისტანციურ სწავლებაზე კახეთში კიდევ ორი სკოლა გადადის. თელავის პირველი, მეშვიდე, ყვარლის მეორე, ველისციხისა და ერისიმედის საჯარო სკოლების შემდეგ, სპეციალისტების რეკომენდაციები სოფელ წინანდლისა და გულგულის სკოლებმაც მიიღეს.

სტუდენტებისა და პედაგოგების უსაფრთხოების მიზნით, დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მეთოდზე გადასვლის გადაწყვეტილება თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომაც მიიღო. ​არადისტანციურად მხოლოდ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სექტემბრიდან დღემდე ინფიცირებულია 446 ადამიანი. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა – 30, გურჯაანი – 103, დედოფლისწყარო – 17, ყვარელი – 66, სიღნაღი – 45, ლაგოდეხი – 43, თელავი – 130, საგარეჯო – 12. აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 332 ინფიცირებული. მათგან 30 მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 301 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ერთი იმყოფება კარანტინში, 114 პირი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა. სამ საკარანტინო სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 112 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1020 მოქალაქე. კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 32 035 პისიარტესტირება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.