კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელფასებზე დანამატების გაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება
კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელფასებზე დანამატების გაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელფასებზე დანამატების გაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტი უკვე მომზადებულია და პროცესი სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება.

„დადგენილებაში მკაცრად არის გაწერილი, რომ ეს პროცესი წარიმართება 3000 საწოლზე პირველადი, საწყისი ეტაპისთვის. გაიყოფა მომუშავე ჯგუფებად ექიმები. ეს იქნება რეანიმაციის საწოლებზე 70 სამუშაო ჯგუფი, ხოლო თერაპიულ საწოლებზე იქნება 120 სამუშაო ჯგუფი, შესაბამისად 600 იქნება რეანიმაციის საწოლი, 2 400 თერაპიული საწოლი. ამ ჯგუფებში განისაზღვრა მომუშავეთა რაოდენობა. ესენი არიან რეანიმატოლოგები, ზოგადი და თერაპიული ნაწილის ექიმები, ინფექციონისტები, უმცროსი ექიმები, ექთნები და სანიტრები. შესაბამისად, მათთვის იქნება დანამატის სახით მიცემული 50 პროცენტი ხელფასის შესაბამისად. ხელფასის საერთო დონეც აღებულია დღეს ბაზარზე არსებული საშუალო ანაზღაურების, ამა თუ იმ პროფილის ექიმზე გაცემული თანხის ოდენობით. მაგალითად, რეანიმატოლოგისთვის ეს იქნება საათში რვა ლარი, ექთნისთვის იქნება საათში სამი ლარი. საბოლოო ჯამში, თითო რეანიმატოლოგზე იქნება, დაახლოებით 1 440 ლარის ფარგლებში დანამატი. ეს დანამატი იქნება ყოველთვიური და გაგრძელდება პანდემიის დასრულებამდე. ბიუჯეტი მომზადებულია, ეს იქნება თვეში სავარაუდოდ სამი მილიონის ფარგლებში. რაც შეეხება დაწყების დროს, ეს იქნება უახლოეს დღეებში, როდესაც უკვე მომზადდება, გაეგზავნება მთავრობას და შესაბამისად, გვექნება მთავრობის დასტური. სავარაუდოდ, ორშაბათიდან ეს პროცესი ამოქმედდება“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ.