კორონავირუსის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეზღუდვები დაწესდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო შეზღუდვებს აწესებს.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებაზე ბრძანებულება გამოსცა. სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებაში წერია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიებმა უნდა უზრუნველყონ საქმეების განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბრძანებულებით ადგენს, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მოხდეს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ვადებში. ასევე, დისტანციურად მოხდეს პროცესის მონაწილეების სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა მათ შორის მასმედიის წარმომადგენლების დასწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებულება ეხება მანდატურის სამსახურსაც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ნაკადის მართვა, არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში მოქალაქეებს შესვლისას კი ტემპერატურას შეუმოწმებენ შესაბამისი მოწყობილობით. ასევე, მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მომსახურების ცენტრებში მოქალაქეების 20-მდე შეზღუდვა.
სარჩელების და დოკუმენტაციის მიღება მომსახურების ცენტრებში ამავე ბრძანებულებით უნდა მოხდეს სპეციალური ყუთების საშუალებით, ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ დისტანციური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, შეზღუდვები ეხება სასამართლოში დასაქმებულ პირებსაც.
სასამართლოში დასაქმებულ პირს ეკრძალება ათი დღის განმავლობაში სამსახურში გამოცხადება, თუ ის იმყოფებოდა პირველი მარტის შემდეგ საზღვარგარეთ ან კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნის მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი ან კონტაქტი ქონდა იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ პირმა ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა გაატაროს.
დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის სასამართლოში დასაქმებული ის პირი, რომელიც არის ორსული, ქრონიკული დაავადებების მქონე ან 60 წელზე მეტი ასაკის. ასევე, დისტანციურ რეჟიმზე გადავა ის პირიც, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო დაწყებითი კლასების მოსწავლე შვილი.
ამავე ბრძანებულებით, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვლება კანონით დადგენილ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად. გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეიზღუდება სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები სასწავლო ვიზიტები.
შეზღუდვების შესახებ სრული ინფორმაცია თბილისის საქალაქო ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.