კორონავირუსის გამო, საქართველოში გოგონათა ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება
კორონავირუსის გამო, საქართველოში გოგონათა ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მორიგ ვიდეოკონფერენციაზე ინფორმაცია გაავრცელა. მასში 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივანი მონაწილეობდა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ვიდეო კონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

ეროვნული ნაკრები

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უეფამ ივნისის სანაკრებო პაუზა გააქმა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადადო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევრო პირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასაკობრივი ნაკრებები

ეროვნული ნაკრების მსგავსად ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებები მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადაიდო.

საკლუბო ფეხბურთი

უეფას გადაწყვეტილებით 2020-2021 წლების სეზონისთვის ევრო ტურნირები ივლისის ნაცვლად სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეო კონფრენციას გამართავს.**​**

ქალთა ფეხბურთი

სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად ასევე გაუქმდა 19-წლამდე გოგონებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.