კორონავირუსის ახალი შტამის გამო, აშშ აფრიკის რვა ქვეყნიდან მგზავრთა მიღების შეზღუდვას გეგმავს
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, აშშ აფრიკის რვა ქვეყნიდან მგზავრთა მიღების შეზღუდვას გეგმავს

კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო, აშშ აფრიკის რვა ქვეყნიდან მგზავრთა მიღების შეზღუდვას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მგზავრთა მიღება სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანადან, სვაზილენდიდან, ლესოთოდან, ნამიბიიდან, ზიმბაბვედან, მალავიდან და მოზამბიკიდან შეიზღუდება.

აშშ-სთან ერთად, ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან მგზავრთა მიღება შეიზღუდება კანადაშიც.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს. მეცნიერების განცხადებით, ახალ ვარიანტს, რომლის სამეცნიერო ხაზის ნომერია B.1.1.529, სულ მცირე 10 მუტაცია აქვს, რამაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდა გამოიწვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელი უწოდა და მას სახელი „ომიკრონი“ მიანიჭა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.