კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, ხუთი შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, ხუთი შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

მისივე თქმით, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. ეზუგბაია ამბობს, რომ სამი შემთხვევის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინ იყო 1684 შემთხვევა, დაგვემატა 45 ახალი შემთხვევა და გახდა 1729. 45-დან სამი არის „დონას“ კლასტერიდან, 19 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ოთხი არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 45 შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. 45-ში ხუთი ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ექვსით გაიზარდა და ამჟამად ინფიცირებულთა 76.4 პროცენტს შეადგენს, „კოვიდ“-ცენტრებში კი 381 პაციენტი მკურნალობს.