კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია.

„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, ერთის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში, ვირუსისგან განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82-ია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი სოლიდურად გაიზარდა. იყო 1 150, გამოჯანმრთელდა 40 და ეს მაჩვენებელი არის 1 190. ამ მონაცემებით, გამოჯნმრთელებულის პროცენტული მაჩვენებელი 82-ია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, კიდევ ერთის მძიმე რჩება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„ჩენს ცენტრში ორი გამოჯანმრთელებული გვყავდა. ახალი არ შემოსულა, იყო 21 და ახლა გახლავთ 19 დადასტურებული შემთხვევა. ჩევნთან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ ერთი კრიტიკული და ერთიც მძიმე პაციენტი რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი გახლავთ. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მეორეული და მესამეული კონტაქტები, თუმცა არა ყველა მესტიის მუნიციპალიტეტის“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.