კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი 35 წლის ქალია, რომელიც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი 35 წლის ქალია, რომელიც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ დღეს კიდევ ერთი ინფიცირებული მოათავსეს.

ახალი შემთხვევა შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებულია და ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულ 266 შემთხვევაში შედის.

ვირუსი 35 წლის ქალს დაუდგინდა. ამდენად, კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

„მედალფას“კლინიკური დირექტორის, ალექსი გოხელიშვილის განცხადებით, დამძიმდა 72 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ასევე მართვით სუნთქვაზე რჩება 70 წლის მამაკაციც.

სხვა პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

უცნობია, როდის დატოვებს კლინიკას გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი ორი პაციენტი, მათ შორის მედდა, რომელიც პაციენტთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

კლინიკაში ამბობენ, რომ მათ ვირუსი ტესტირების შემდეგ აღარ უდასტურდებათ, თუმცა კვლავ რჩება პნევმონია და ისინი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობილია, რომ 66 ანალიზის პასუხს ელოდებიან, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით კი 355-ზე მეტი კონტაქტია მოძიებული.