კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, ათის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, ათის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოსი გამოვლენილი კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ქალაქ ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 12 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ხუთს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

ეზუგბაიას თქმით, ათი პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 1830 შემთხვევა, დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა და გახდა 1917. 87 შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევებია, 12 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხუთი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიითაა აჭარაში, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. სამი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ათ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ინფიცირებულების 71 პროცენტი შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს, აქედან 17-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა და ამჟამად ინფექციურში კორონავირუსით 23 პირი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმე, ერთი კი მძიმე პაციენტია.