პოლონურ „კორონაში“ ერთდროულად შესაძლოა, ორმა ქართველმა მწვრთნელმა იმუშავოს. ცნობილია, რომ პოლონეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჯინო ლეტიერის მიწვევით თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიიდან ვახტანგ იაგორაშვილი მიიწვიეს. აღმოჩნდა, რომ პოლონელთა შვეიცარიელმა თავკაცმა გუნდში მასთან ერთად თანამშრომლობა მიხეილ საჯაიასაც შესთავაზა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თავად საჯაიამ განუცხადა.
„პოლონეთში, „კორონაში“ მუშაობა ნამდვილად შემომთავაზეს, რადგან მთავარ მწვრთნელს გერმანიიდან ვიცნობ და ხუთ გუნდში ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო. თუმცა, გადავალ თუ არა, ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. კარიერის შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობ და მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ნაცნობ გარემოს უნდა მოვწყდე. მეორე მხრივ, პოლონეთის მთავარი ლიგის გუნდში მუშაობა საინტერესოა და ვფიქრობ, დავთანხმდე თუ არა ამ წინადადებას“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საჯაია.
43 წლის საჯაია სოხუმელია, თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი, კარიერა „მრეტებში“ გააგრძელა, სადაც ვახტანგ იაგორაშვილთან ერთად თამაშობდა. ორივე მათგანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, საიდანაც 1995 წელს გერმანიაში „აუსბურგში“ მიიწვიეს. ჯინო ლეტიერი ქართველებს ამ გუნდიდან იცნობს. საჯაია გერმანიაში 1995 წლიდან ცხოვრობს, ამჟამად კი „ბაიროითის“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ „კორონაში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვატო არველაძე თამაშობს, რომელიც 2018 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა.