იაგორაშვილი პოლონელთა დაინტერესებაზე - კავშირი გერმანიის შემდეგ გვქონდა
იაგორაშვილი პოლონელთა დაინტერესებაზე - კავშირი გერმანიის შემდეგ გვქონდა
ვახტანგ იაგორაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას „კორონას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, რაც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
როდის გაუჩნდათ პოლონურ კლუბში ქართველ სპეციალისტთან თანამშრომლობის სურვილი? იაგორაშვილმა ამის თაობაზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.
„ამ გადასვლაში დიდი როლი ითამაშა მიხეილ საჯაიამ, რომელთან ერთადაც „მრეტებსა“ და „აუსბურგში“ ვთამაშობდი. მაშინ ჩვენი მწვრთნელი იყო ჯინო ლეტიერი, რომელიც ახლა „კორონას“ ავარჯიშებს. მასთან კავშირი და მიმოწერა მქონდა. ახლახანს კი მიწვევა მივიღე, რაზეც პირადმა კავშირმაც იმოქმედა, საჯაიას ფაქტორმაც და ჩემი გაწვრთნილი „დინამოს“ აკადემიის წარმატებამ, რომელმაც აპრილში თბილისში გამართულ ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე მთავარი პრიზი მოიპოვა. პოლონეთში ორიოდე დღის წინ ვიმყოფებოდი და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მთავარი მწვრთნელის პირველ ასიტენტად ვიმუშავებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ვახტანგ იაგორაშვილი.
43 წლის სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ გუნდში რომელიმე ქართველი აიყვანონ: „ქართველების მიმართ „კორონაში“ ძალიან კეთილგანწყობილები არიან, რადგან ადრე ნიკა კაჭარავამ, ახლა კი ვატო არველაძემ აჩვენეს, რომ სასარგებლოები არიან და იზრდებიან. არველაძე პოლონეთში თამაშის მოკლე პერიოდში ისე გიზარდა, გაოცებულები არიან. ახლა ყველა შეხვედრაში 12 კილომეტრს დარბის და ათლეტურადაც საგრძნობლად გაიზარდა. ამავე დროს, ვატო არველაძეს კარგი პრესა აქვს და პოლონელები იმედოვნებენ, რომ ვატო ამ პროგრესს თუ გააგრძელებს, ძალიან კარგი მომავალი ექნება, პოლონური ლიგიდნა ბუნდესლიგამდე კი ერთი ნაბიჯია“.
იაგორაშვილმა თბილისის „დინამოზეც“ ილაპარაკა: „თბილისური კლუბის აკადემიასთან კონტრაქტი მაკავშირებს და „დინამოს“ ხელმძღვანელებს შეეძლოთ, რომ ჩემს წასვლაზე უარი ეთქვათ და ხელი შეეშალათ. მაგრამ გვერდში დამიდგნენ და დამეხმარნენ. ამის და საერთოდ, ყველაფრისთვის „დინამოს“ მადლიერი ვარ. 15-წლამდელების გუნდს კი პირველი წრის და ივნისი ბოლსო „კორონას“ შეკრებაზე შევუერთდები“.