„კორიერე დელო სპორტი“ - კვარაცხელია მიქელანჯელოსავითაა, ის რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლეებს ხატავს #1TVSPORT
უდიდეს ფეხბურთელებს თუ დაუსმახურებიათ ის აღიარება, რომელსაც ახლა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში ვხედავთ. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ნაპოლის“ მთავარი გმირია „ბოლონიასთან“ მოგებული მატჩში (3:2) – ასეთია იტალიური და ევროპული გამოცემების შეფასება. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე გოლი შექმნა, მესამეში კი მისი სტატისტიკა საგოლე გადაცემით შეივსო და მატჩის შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ცნობილი გამოცემების სათაურები და წერილების მოკლე ნაწყვეტები, სადაც ყველა საქართველოს ნაკრების შემტევს გამოარჩევს.
კორიერე დელო სპორტი (იტალია)
„სპალეტის გუნდი „ბოლონიასთან“ მოსალოდნელზე მეტად გაწვალდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება ოსიმენის გოლის წყალობით მოახერხა. კვარაცხელია გენიოსი და მიქელანჯელოა – ის რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლეებს ხატავს. 20-ე წუთზე ისეთი პასი მისცა პოლიტანოს, მას გატანაღა დარჩენოდა. ოპონენტებს თავბრუდამხვევი მოძრაობებით თავიდან იცილებს. მისი გენიალურობა მეორე გოლზეც გამოჩნდა, რომელიც ლოზანომ გაიტანა. ცხადია, მისი შექმნილია ოსიმენის გოლიც, რომლითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა“.
ტუტომერკატო (იტალია)
„კვარაცხელია 7.5 ქულა – ნამდვილი შოუ ჩაატარა. მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ საუკეთესოა მოედანზე. როდესაც ბურთს მიიღებს, ნებისმიერ მომენტში რაღაც შეიძლება მოხდეს და ეს ყოველთვის დროულად ხდება. როცა კვარაცხელია მცველთან ერთი-ერთზე რჩება, ეს უკვე განაჩენია“.
სპორტ.ეს (ესპანეთი)
„სეზონის სტარტზე „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მიუხედავად იმისა, რომ გოლები ჟუან ჟესუსიმა, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს, მოედანზე ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშე ისევ გასაოცარი კვარაცხელია იყო“.
ევროსპორტი
„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 3:2. მატჩის მთავარი გმირებში ქულებით ქართველი დომინირებს. ხვიჩა კვარაცხელია დამანგრეველია. მისი დრიბლინგი და პასები პრაქტიკულად შეუჩერებელია. ქართველი „ნაპოლისთვის“ გარდამტეხ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, ის დირიჟორია, რომელიც ნეაპოლელ გულშემატკივრებს აიძულებს, რომ იოცნებონ“.