კორეის რესპუბლიკამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინვენტარი გადასცა
კორეის რესპუბლიკამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, კორეის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა (76 ერთეული ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი) მიიღო. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამედიცინო აღჭურვილობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკის ელჩ დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.

აღნიშნული სამედიცინო აპარატურა რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, „კოვიდ-19“-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.

„პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით, სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა უახლესი აპარატურით, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.