კოპენჰაგენში დონალდ ტრამპის გაუქმებული ვიზიტი დანიის პოლიციას 600 000 დოლარი დაუჯდა
კოპენჰაგენში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაუქმებული ვიზიტი დანიის პოლიციას 600 000 დოლარი დაუჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ დანიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დანიაში ვიზიტს 2-3 სექტემბერს გეგმავდა, თუმცა დანიის პრემიერ-მინისტრთან გრენლანდიის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ვიზიტი გააუქმა.
ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე დანიის პოლიციამ დაახლოებით 4 მილიონი კრონი (600 000 დოლარი) დახარჯა.
შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის შეძენის შესახებ დონალდ ტრამპის ინიციატივას აბსურდული უწოდა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერის განცხადებას „საძაგელი“ უწოდა.