„კოპენჰაგენი“ „სევილიასთან“ დამარცხდა - ხოჭოლავამ წითელი ბარათი მიიღო #1TVSPORT
დათა ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა „კოპენჰაგენში“, რომელიც „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი თვე ხოჭოლავას ტრავმა აწუხებს, ის მოედანზე მაინც გავიდა და თითქმის ბოლომდე ითამაშა, რადგან დანიის ჩემპიონს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს – გუნდს ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდნენ სტამენიჩი, ბოილესენი, ზეკა, ვავრო, ფალკი, რაიანი და კარამოკო.
ახლო წარსულში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „სევილია“ თავის თავს აღარ ჰგავს და დანიის ჩემპიონმა ესპანელთა კართან საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნა, მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლა. იუსეფ ენ-ნესირიმ კი დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და მასპინძელთა ერთ-ერთი იშვიათი საგოლე მომენტი 61-ე წუთზე გოლად აქცია.
დანიელებმა დარჩენილ დროში მეტოქის კართან შტურმის მოწყობა სცადეს, მაგრამ 88-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვეს – ეფექტური დარტყმით „კოპენჰაგენის“ კარი ისკომ აიღო. 90+2-ე წუთზე კი გონსალო მონტიელიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0. თუმცა, საფინალო სასტვენამდე იყო კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი – ისკოსთან უხეშობისთვის ხოჭოლავა მოედნიდან გააძევეს.
5 ტურის შემდეგ G ჯგუფში დანიის ჩემპიონი 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, პლეიოფში ვერ ითამაშებს.