კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა [ფოტო]
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა [ფოტო]

თბილისის მერი კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც დღეს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ფართები გადაეცათ.

თბილისის მერიის ცნობით, გადაწყვეტილება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 57 ოჯახისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მიიღეს. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულა იყო.

„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. როდესაც საქმეს აკეთებ, შედეგს იღებ და ამ შედეგით უამრავ ადამიანს აბედნიერებ, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის არაფერია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც 20-30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც არიან კოოპერატიული მშენებლობით დაზარალებული. სახელმწიფოს ეს აღიარებული აქვს. წინასაარჩევნოდ უამრავ თვალცრემლიან ადამიანს ვხვდებოდი, ვისაც ეს პრობლემა აწუხებდა. მივეცი პირობა, რომ ვიქნებოდით ის მთავრობა, რომელიც მოაწესრიგებდა და მოაგვარებდა პრობლემას. ყველა ოჯახი, ვინც დაზარალებულია აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული, –  განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ 250-მდე ოჯახს გადასცა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ხთ  მისამართზე ააშენებენ საცხოვრებელ ფართებს და თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემენ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს. ჯამში გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრი ფართი, რომლითაც 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

კერძოდ, ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „აპექს დეველოპმენტმა“; დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2359 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „არქიმედ ჰაუსმა”, ხოლო იქვე მდებარე 11 774 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა „ბი დეველოპმენტმა”; დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „ფ.ს.გ.“-მ, ხილო დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „ენსი გრუპმა“.

ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ ორ მისამართზე: ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ 89 219 კვ. მიწის ნაკვეთზე და დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის N29 კორპუსის მიმდებარედ 8692 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.