თორნიკე ახვლედიანი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია – 20 წლის თავდამსხმელზე ინფორმაციას თბილისური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გააფორმა. ის „დინამოში“ შეკრებაზე სინჯებზე იმყოფებოდა. ამის ფონზე, თავი მშვენივრად გამოიჩინა და შეკრებაზე თბილისელთა სამწვრთნელო შტაბისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა – საკონტროლო შეხვედრები, ძირითადად, თორნიკემ შეცვლეზე ითამაშა, მაგრამ ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი არმოჩნდა – მის ანგარიშზე 3 გოლია. „დინამოს” სამწვრთნელო სტაფმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
თორნიკე ახვლედიანმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, შემდეგ ესპანეთის ლა ლიგის „ლეგანესის“ დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც პირველივე შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდს გაუტანა. ბოლო ნახევარი სეზონი ახვლედიანმა „ზესტაფონის“ შემადგენლობაში გაატარა და თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.