ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან სიტყვიერი დაპირისპირების დასრულება სურს. მანამდე პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ზიზღის გრძნობა აქვს იტალიელის მიმართ.
„ვფიქრობ, ყველაფრის დასრულება მინდა. რაც შეეხება მოურინიოს სიტყვებს ზიზღის შესახებ, მეც იგივე გრძნობა მაქვს მის მიმართ. არ ვიცი, მან ეს კონკრეტულად ჩემი მისამართით თქვა თუ არა, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია. შესანიშნავად მძინავს“, – მოჰყავს კონტეს სიტყვები Sky Sports-ს.
ორ მწვრთნელს შორის ეს კონფლიქტი დაახლოებით სამი კვირაა მიმდინარეობს. სანამ ეს დაპირისპირება დაიწყებოდა, „ჩელსის“ ექვსიდან ხუთ მატჩში მოგება ჰქონდა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ კი ზედიზედ ოთხ მატჩში ფრედ ითამაშა.