კონსტანტინე სურგულაძე - სკრიპალის მოწამვლაზე საქართველომ დიდ ბრიტანეთს უკვე გამოუცხადა სოლიდარობა და ეს პოზიცია ძალაში რჩება
კონსტანტინე სურგულაძე - სკრიპალის მოწამვლაზე საქართველომ დიდ ბრიტანეთს უკვე გამოუცხადა სოლიდარობა და ეს პოზიცია ძალაში რჩება

ქიმიური აკრძალვის ორგანიზაციაში დღეს ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალის საქმეზე იმსჯელებენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ჰააგიდან იუწყება, ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი ბრიტანეთის მოთხოვნით იკრიბება. ლონდონი ითხოვს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადება მიიღოს და სოლსბერში მომხდარი თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ზომები გაატარონ.

ჰააგაში მდებარე ქიმიური იარაღის ორგანიზაციის შენობასთან ამ წუთებში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები იკრიბებიან. მათ შორის, არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში კონსტანტინე სურგულაძე.

პირველ არხთან საუბარში კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა, რომ სხდომა სავარაუდოდ მწვავე პოლემიკის ფონზე ჩაივლის.

სურგულაძის თქმით, საქართველომ უკვე გამოუცხადა სოლიდარობა დიდ ბრიტანეთს სოლსბერიში მომხდართან დაკავშირებით და ეს პოზიცია ძალაში რჩება.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები ამ კვირაში უკვე მეორედ იკრიბებიან. ორშაბათს მათ სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე იმსჯელეს და მომხდარის ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა მოითხოვეს.

ამჟამად ორგანიზაციის ექსპერტები სირიაში იმყოფებიან, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, ქალაქ დუმაში ვერ ჩადიან. სირია და რუსეთი აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის უსაფრთხოება გაერო-ს მისიამ უნდა უზრუნველყოს.