კონსტანტინე გამსახურდია - უკეთესი იქნებოდა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით ამდენი დრო არ დაკარგულიყო, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით ამდენი დრო არ დაკარგულიყო, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. კოკო გამსახურდია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილის თქმით, ის, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადება გასაგებია. ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე შვიდი წლის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს ადრეც თქმულიყო. უკეთესი იქნებოდა, ამდენ დროს არ დავკარგავდით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა კოკო გამსახურდიამ.
პროკურატურას რეზონანსული საქმის გამოსაძიებლად და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ვადა 2024 წლამდე აქვს. კოკო გამსახურდია აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ არის და რომც იყოს, გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ფაქტებს არ გაახმაურებდა.
„საქმის გამოძიება გაგრძელდა ხუთი წლით. ამავე დროს, ექსპერიმენტების საშუალებით ახლიდან მოხდება რაღაც-რაღაცების განსაზღვრა და რა თქმა უნდა, საქმეში უფრო ფართოდ ჩაერთვება კრიმინალისტიკა. ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა კოკო გამსახურდიამ.