კონსტანტინე ჩახუნაშვილი – კვლევის ფარგლებში არ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული აგენტი იყო გამოყენებული, „კამიტის“ შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს, ლიტერატურას თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი
კვლევის ფარგლებში არ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული აგენტი იყო გამოყენებული. „კამიტის“ შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს, ლიტერატურას თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა განაცხადა.
ჩახუნაშვილის თქმით, დღეს ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ კვლევის ფარგლებში ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„ჩვენი კითხვარი დაახლოებით 9 იანვარს ჩაეშვა. ანუ, ერთ თვეზე ოდნავ მეტი იყო გასული ბოლო დარბევიდან. დარბევაში ვგულისხმობ იმას, რომ სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. ჩვენ შევაგროვეთ კითხვარის მონაცემები, შემდგომ ყველას შევთავაზეთ გამოკვლევების ჩატარება, რადგან, კითხვარის მიხედვით, სუბიექტური მონაცემები დგინდება, რაც, ზოგადად, უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულებაა, ვიდრე ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, როგორც არის ლაბორატორიული კვლევა.
დღეს ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში ეს ინფორმაცია არ გვქონდა. რაც შეეხება ცრემლსადენ აირს, იმდენად მსუბუქია, რომ კონკრეტულ ანტიდოტს არ საჭიროებს. როგორც მე ვიცი, მისი ანტიდოტი არც არსებობს. „კამიტის“ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, მისი ანტიდოტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რაც მართვის პროცესს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კვლევას მიეწერა, ჩვენს საფუძველზე, ასე ვთქვათ, გასკდა ეს ამბავი, ამ „კამიტის“ (camite) შემადგენლობას, ანტიდოტს რა ეფექტები აქვს და ა.შ. ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და, შესაბამისად, უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია, ამ ეტაპზე პასუხის გაგცეთ. ეს აგენტი თუ იყო გამოყენებული, ალბათ უკვე საერთაშორისო სამართლის საქმეც არის. იქიდან გამომდინარე, რასაც „ბიბისი“ ამბობს, რომ მისი ინფორმატორები, მათ შორის მოქმედი თანამშრომლები აწვდიან შიდა ინფორმაციას, რომ ეს იქნა გამოყენებული, უკვე სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჯანდაცვა, ექიმები უნდა გააქტიურდნენ, მაგრამ გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ იურისტები“, – განაცხადა ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
ამასთან, „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო.