შერეული ორთაბრძოლების (MMA) ყველაზე ცნობილმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა მორიგი სკანდალი მოაწყო, ამჯერად აშკარა ძალადობის ნიშნებით.
მან, მეგობრებთან ერთად, იერიში მიიტანა ავტობუსზე, რომელშიც UFC 223-ის საბრძოლო შოუს მონაწილეები ისხდნენ. ისინი პრესკონფერენციიდან სასტუმროში ბრუნდებოდნენ.
ავტობუსში იმყოფებოდა UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) რუსი ვარსკვლავი ჰაბიბ ნურმაგომედოვი. 8 აპრილს ბრუკლინში დაღესტნელი მჩატე წონაში UFC-ის ტიტულისთვის შეხვდება ამერიკელ მაქს ჰოლოუეის.
ინციდენტი მომავალი ორთაბრძოლის მასპინძლის – „ბარკლაი ცენტრის“ პარკინგზე მოხდა. ავტობუსის გატეხილი შუშით ჭრილობა მიიღო ამერიკელმა მებრძოლმა მაიკლ კიეზამ, რომელსაც ასევე უწევს გამოსვლა UFC 223-ზე.
ინციდენტის ადგილას პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ სამართალდამცველებს მაკგრეგორი იქ აღარ დახვდათ. უკვე გაცემულია ირლანდიელის დაპატიმრების ორდერი. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი სარეკლამო ხრიკი იყოს UFC 223-ის მიმართ ინტერესის გასაზრდელად.