კონკურსზე „ადამი მედია პრიზი“ კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020“ განაცხადების მიღება დაიწყო
კონკურსზე „ადამი მედია პრიზი“ კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020“ განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსზე „ადამი მედია პრიზი“ (ADAMI Media Prize) კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020“ განაცხადების მიღება დაიწყო.

ორგანიზატორები მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ტელეკომპანიებს, შემოქმედებით სტუდიებს, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და სხვა მედია პროფესიონალებს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„ადამი მედია პრიზი“​ განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროექტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების თემებს. „ადამი მედია პრიზი“ უნიკალური შესაძლებლობაა მედია პროფესიონალებისთვის, წარმოადგინონ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ექვსივე ნომინაციის გამარჯვებულები, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით ან გრანტით. ძირითადი ჯილდოების გარდა, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე თითოეულ მონაწილეს, ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს განაცხადი „ადამის“ სტიპენდიაზე და გაიაროს სტაჟირება ევროპის უმსხვილეს კომპანიებში. ნომინანტები მიწვეულნი იქნებიან „ადამი მედია პრიზის“ გალა-დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2020 წლის 10 დეკემბერს. საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება 2020 წლის 5 მაისს. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა – 2020 წლის 15 ივლისი.

„ადამი მედია პრიზი“ გაიცემა ექვს კატეგორიაში: გასართობი პროგრამებისა და ფილმებისთვის (მხატვრული); საინფორმაციო პროგრამებისა და ფილმებისთვის (დოკუმენტური); ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის (დოკუმენტური); ახალგაზრდა „ადამი მედია პრიზი“; ვებგვერდებისთვის, ონლაინ-ვიდეოებისთვის.

​„კონკურსში მიიღება განაცხადები მედიაპროდუქციაზე, რომელიც ეთერში 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მედია პროდუქტს კულტურული მრავალფეროვნების თემაზე, მაგრამ არ იცით რომელ კატეგორიას მიაკუთვნოთ, დაგვიკავშირდით: [email protected] ან +995 595474477 (viber, whatsapp, telegram). მოუთმენლად ველით თქვენს განაცხადებს! დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: adamimediaprize.eu/competition-2020“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.