კონკურსის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ცერემონიაზე მარნეულის N2 სკოლის პედაგოგს „მწვანე ჯილდო“ გადასცეს
კონკურსის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ცერემონიაზე მარნეულის N2 სკოლის პედაგოგს „მწვანე ჯილდო“ გადასცეს

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს რჩეული – კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დაბადებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სუყაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მეორედ გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეული – სვანეთის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა წულუკიძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ცენტრმა „მწვანე ჯილდო“ დააწესა, რომელიც 2018 წლის ივნისში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის თბილისის 85-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს ლელა ტყემალაძეს გადაეცა.