კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რუსთავში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში, ციფრული განვითარების სივრცეში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე უძღვებოდა. ღონისძიებას 18-29 წლის ასაკის 50-მდე სკოლის მოსწავლე და სტუდენტი დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და მომხმარებელთა ინტერესებზე მისი გავლენის შესახებ – როგორ უწყობს ხელს კონკურენტული გარემო უკეთესი ფასისა და ხარისხის შეთავაზებას. მან ასევე გააცნო კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა უფლებებს – მათ შორის, ონლაინ შოპინგისას 14-დღიან უპირობო დაბრუნების უფლებასა და კანონით გათვალისწინებულ 2-წლიან გარანტიას.
დამსწრეები გაეცნენ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge-ს, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების შედარებისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
ახალგაზრდებთან შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს საგანმანათლებლო რესურსებისა და კონკურენციის ონლაინ ლექსიკონის შესახებ ისაუბრა და სააგენტოს საგანმანათლებლო პროექტების გამოცდილება გააზიარა.
რუსთავში გამართული შეხვედრით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრების ახალი ციკლი დაიწყო. ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მომავალში საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.