კონგრესმენი ტედ პო - საქართველოს მხარდამჭერი აქტი რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ
კონგრესმენი ტედ პო - საქართველოს მხარდამჭერი აქტი რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ

საქართველოს მხარდამჭერი აქტი სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის მიერ მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაარღვია, – ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ამაყი ვარ, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. ეს აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას, ნათელს ხდის მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთმა უნდა დატოვოს ორი ტერიტორია, რომელიც უკანონოდ აქვს ოკუპირებული.

მეორე, ეს აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უცვლელია და ეხმარება საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების კუთხით.

მესამე, დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს სურს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან. დოკუმენტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ უზრუნველყოს ჩვენი ურთიერთობების განვითარება.

ეს აქტი სხვა რამესაც აკეთებს – სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ორ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს დოკუმენტი კარგია საქართველოსთვის და აშშ-სთვის და რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა ტედ პომ.

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.