კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიების წესები რეზოლუციით დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიების წესები რეზოლუციით დაამტკიცა. დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციით იმპიჩმენტის გამოძიებაში საჯარო მოსმენების წესები განისაზღვრა.
რეზოლუციას მხარი 232-მა დეპუტატმა დაუჭირა, 196 კი წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრას უკვე გამოეხმაურა თავად დონალდ ტრამპი და წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კუდიანებზე ნადირობა უწოდა.
წარმომადგენელთა პალატა იძიებს, გამოიყენა თუ არა დონალდ ტრამპმა ძალაუფლება ბოროტად. საქმე ეხება 25 ივლისს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს, როდესაც დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის სთხოვა, ყურადღება მიექცია უკრაინული გაზის კომპანია „ბურისმას“ საქმეზე, რომლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი. ტრამპი ფიქრობს, რომ პროკურორის გათავისუფლებაში ჯო ბაიდენია გარეული.