კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტი - კაპიტოლიუმის შენობა ახლა უსაფრთხოა, სამართალდამცველებს მომიტინგეები შენობის დასავლეთ ნაწილიდან გაჰყავთ
კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტი - კაპიტოლიუმის შენობა ახლა უსაფრთხოა, სამართალდამცველებს მომიტინგეები შენობის დასავლეთ ნაწილიდან გაჰყავთ

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ახლა უსაფრთხოა, – ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებს მომიტინგეები კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გაჰყავთ. პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ეროვნული გვარდიაც არის ჩართული. ამის შესახებ ბრძანება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.

აქციის მონაწილეები კონგრესის შენობის გარეთ მაინც რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში 18:00 საათიდან კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მანამდე კი, სენატორმა ჯეფ მერკლიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საარჩევნო ბიულეტენების ფოტო გამოაქვეყნა. მერკლიმ აღნიშნა, რომ სენატის თანამშრომლებმა ბიულეტენები „გადაარჩინეს“, სანამ მომიტინგეები სენატის სართულზე შეიჭრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სენატორის თქმით, „სენატის თანამშრომლებს ბიულეტენები რომ არ გადაერჩინათ, მას ბრბო დაწვავდა“.