კონფლიქტი კვარაცხელიას პასის შემდეგ - რუბინმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არბიტრი დაასახელა (ვიდეო)
ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონის სასტარტო მატჩის წაგების მთავარ მიზეზად არბიტრი დაასახელა და „ტვიტერის“ გვერდზე მასთან დაკავშირებული ირონიული პოსტი გამოაქვეყნა.
ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ზუკა დავითაშვილის „რუბინი“ მოსკოვის “ლოკომოტივთან“ 0:2 დამარცხდა. ყაზანელთა აზრით, პირველ ტაიმში მოსკოველთა კარში ასპროცენტიანი პენალტი იყო დასანიშნი, რაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, სერგეი ივანოვმა ვერ შენიშნა.
კვარაცხელიას საოცარი რეიდი, რომელსაც 100-პროცენტიანი პენალტი უნდა მოჰყოლოდა (ვიდეო)
ეს ეპიზოდი პირველი ტაიმის შუაში მოხდა, როდესაც მასპინძელთა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა და კარის წინ ივან იგნატიევი დატოვა, მაგრამ მას მეკარე ფეხებში ჩაუვარდა – ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის აზრით, მოსკოველთა კარის დარაჯმა წესი დაარღვია და მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.
ლეონიდ სლუცკი შესვენებაზე ამ და სხვა მომენტების გამო არბიტრს ეკამათა – სერგეი ივანოვმა კი წითელი ბარათი აჩვენა და სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.
„მათ (არბიტრებს) იდიოტები ვგონივართ. მე კი რკინაბეტონივით მყარი აზრი მაქვს, რომ პენალტი იყო. ის ან მიკერძოებულად მსაჯობდა, ან ბრმაა, ან დაბალი კვალიფიკაციისაა. ლიდერებს კარგი მსაჯობა უნდათ, მაგრამ ჩვენც მოგვეცით საშუალება, ფეხბურთი ვითამაშოთ“, – ემოციებს არ მალავდა სლუცკი.
პირველი ტურის მატჩის მთავარი მსაჯი სერგეი ივანოვი ყაზანმა „რუბინის“ ოფიციალურმა „ტვიტერის“ გვერდმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ამ ყველაფრის გამო დაასახელა და პრიზით ხელში „ლოკომოტივის“ მაისურით „შემოსა” იმის ნიშნად, რომ ის მეტოქის ინტერესებს ემსახურებოდა.