კონფლიქტი ფართოვდება: უკრაინამ ლიბიის სანაპიროსთან 2 რუსული გემი გაანადგურა

16:35, 24.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ ლიბიის სანაპიროსთან ორი რუსული გემი გაანადგურა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მხედველობაში მიიღეს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს. ლიბიაში გაეროს მისიამ თავდასხმები დაგმო და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე სხდომას მართავს.

„ბრწყინვალე უკრაინული ოპერაცია რუსეთის ომის საპასუხოდ“ – ამ სიტყვებით დაადასტურა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის გემებზე განხორციელებული თავდასხმები და სოციალურ ქსელ X-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა. უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონის გამოყენებით, ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. ზელენსკის თქმით, ის რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო ხომალდი იყო, რომელიც 2023 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

საზღვაო დრონებით განხორციელებული დარტყმის შედეგად, „მერკურთან“ ერთად, მის ბორტზე მყოფი საბრძოლო ვერტმფრენი „კა-27“-იც განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მეორე დარტყმის შედეგად, რუსეთის სატვირთო გემი „ანგარა“ დაზიანდა, რომელსაც მოსკოვი იარაღის გადასაზიდად იყენებდა. დრონებმა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამრეწველო საწარმოებსაც შეუტიეს. ეს ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრის დაშორებით, თათრეთსა და პერმის მხარეში მდებარეობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „როდესაც რუსეთი გვიტევს, ჩვენ საპასუხო დარტყმებს ვახორციელებთ. დღეს რუსეთი ჩვენი პასუხის ძალას გრძნობს დასავლეთ ციმბირიდან, სადაც მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, ლიბიის სანაპიროებამდე, სადაც მისი სამხედრო ხომალდები იძირება“.

აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლების ცნობით, რუსული სამხედრო ხომალდი, რუსეთში დაბრუნების წინ, საწვავისა და მარაგების შესავსებად, ბენღაზის პორტში, ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში იმყოფებოდა. ლიბიის ჯანდაცვის სამინისტრომ ქალაქის სანაპიროსთან კომერციულ გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაშავებულთა შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ხმელთაშუა ზღვაში მომხდარ თავდასხმებზე კრემლს პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფინეთის სანაპიროსთან რუსულ გემზე განხორციელებული დარტყმით გამოწვეული დაძაბულობის ესკალაციის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა და უკრაინა ტერორიზმში დაადანაშაულა.

დიმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი: „ბალტიის ზღვაში ტერორისტული საქმიანობის გააქტიურებისკენ მიმართულ ძალიან სახიფათო ტენდენციას ყურადღებით ვაკვირდებით. უდავოა, რომ იქ მდებარე ყველა სახელმწიფო შეშფოთებულია. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მასირებული კომბინირებული დარტყმების განხორციელებას უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ამას კიევის რეჟიმისთვის ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება“.

ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდის ჩაძირვა კონფლიქტის მნიშვნელოვან გაფართოებაზე მიუთითებს. დარტყმა უკრაინის სამხრეთ საზღვრიდან 1600 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა. ეს მოხდა ფინეთის ყურეში რუსულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ზე შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელზეც კიევს პასუხისმგებლობა არ აუღია. მანამდე პოლონეთმა უკმაყოფილება გამოთქვა მის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის შეჭრის გამო.

თავად უკრაინაში კი 23 ნოემბერს რუსეთის დარტყმებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ზაპოროჟიეში 3 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა იზრდება დიმერში. ქალაქში გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, კიევის გარეუბანში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის ბიჭისა და ხანდაზმული ქალის გამოყვანა და გადარჩენა გადარჩენა სასწაულებრივად მოხერხდა.

სტატიის ავტორი: ივა სტოიკოვა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი, 2026 წელი, 17:24 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი