კონფერენსლიგის დაწყებამდე ბათუმის „დინამომ“ ლევან ხარაბაძე დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ კონფერენსლიგის მატჩებამდე კვიპროსული „პაფოსიდან“ ლევან ხარაბაძე დაიმატა, – GEO TEAM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა.
23 წლის მარცხენა მცველი ქუთაისელია -„ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლიდან „დინამო თბილისში“ მიიწვიეს, სადაც 16 წლის ასაკში მთავარ გუნდში დააწინაურეს, შემდეგ იყო შვეიცარიის „ციურიხის“ მოთამაშე, შარშან კი კვიპროსულ „პაფოსში“ გადავიდა.
საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი, 2019 წელს საქართველოს ეროვნულ გუნდში მიიწვიეს და მისი ფორმით ორი შეხვედრა ჩაატარა. იყო რამაზ სვანაძის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, მაგრამ კვიპროსში მიღებული ტრავმის გამო „პაფოსში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
ხარაბაძის გარდა, ბათუმის „დინამომ“ ევროტურნირებამდე კიდევ ხუთი ფეხბურთელი დაიმატა – მეკარე როინ კვასხვაძე („ტორპედო“), ნახევარმცველები – ბრაზილიელი ვიტინიო, ნიკა ყიფიანი (ორივე – „თელავი“), გიორგი წიტაიშვილი (კიევის „დინამო“) და ცოტნე ფაცაცია („შუქურა“).
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება – პირველი შეხვედრა 13 ივლისს ალბანეთში გაიმართება, საპასუხო კი 20 ივლისს – ბათუმში.