კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | „დინამო თბილისი“ ევროტურნირების დებიუტანტ „მორნართან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე პოდგორიცაში ევროტურნირების დებიუტანტს, „მორნარს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
„დინამომ“ ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა – ძირითად შემადგენლობაში იყვნენ 15 წლის საბა ხარებაშვილი, 18 წლის ნიკა ცეცხლაძე და 16 წლის ვახტანგ სალია, შეცვლაზე კი 17 წლის საბა სამუშიამ ითამაშა. სადავო არაა, რომ ყველა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ გამოუცდელი მოთამაშეებით მოგება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – მე-20 წუთზე შორიდან საჯარიმო დარტყმით ანგარიში ჯურიშიჩმა გახსნა, ხოლო ორ წუთში დაცვის ჩავარდნით ვუსუროვიჩმა ისარგებლა და „მორნარმა“ შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 2:0.
მეორე ნახევარში „დინამოს“ მწვრთნელმა შეცვლაზე სამუშია და სხირტლაძე შეუშვა, რომლებმაც თამაში გამოაცოცხლეს. სხირტლაძეს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა. უშედეგო გამოდგა ოსკარ სანტისისა და გიორგი მოისწრაფიშვილის მცდელობებიც. 84-ე წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის ერმინ სერატლიჩი გაუძევეს. შეხედრის არბიტრს ერთ ეპიზოდში მასპიძელთა კარში პენალტის დანიშნვნა შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში სხირტლაძეზე უხეშობა წესების დარღვევად არ მიიჩნია.
თუმცა, 90+4-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ სხვაობა მაინც შეამცირა და საპასუხო მატჩისთვის „დინამოს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაუტოვა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 18 ივლისს თბილისში გაიმართება. „დინამო არენის“ ნაცვლად, მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება.