კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი | „ჰამრუნ სპარტანსი“ - „დინამო თბილისი“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი | „ჰამრუნ სპარტანსი“ - „დინამო თბილისი“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“ ითამაშებს. შეხვედრა 25 ივლისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„დინამო“

საქართველოს ჩემპიონი მალტის დედაქალაქ ვალეტაში 21 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა „ეროვნულ სტადიონზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

ტრავმების გამო თბილისურ კლუბს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან. გუნდს მალტაში არც გაბრიელ სიგუა გაჰყვა – 18 წლის ნიჭიერი საყრდენი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, შვეიცარიაშია, სადაც „ბაზელთან“ კონტრაქტს გააფორმებს.

„ჰამრუნ სპარტანსი”

1907 წელს დაარსებული „ჰამრუნ სპარტანსი“ ცხრჯერ გახდა მალტის ჩემპიონი, ექვსჯერ – ქვეყნის თასი, ხოლო ხუთჯერ სუპერთასი მოიგო. გუნდს ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, 45 წლის ლუჩანო ძაური ავარჯიშებს, რომელმაც 2001-2006 წლებში იტალიის ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა. უთამაშია „ატალანტაში“, „კიევოში“, „ლაციოში“, „ფიორენტინაში“, „სამპდორიასა“ და „პესკარაში“. სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო და ჯერ „პესკარა“ ჩაიბარა, ხოლო 2023 წლიდან – „ჰამრუნ სპარტანსის“ მწვრთნელია.

„ჰამრუნში“ მრავლად არიან მალტის ნაკრების ფეხბურთელები: მეკარე ჰენრი ბონელო, მცველები სტივ ბორგი, ჯოზეფ ზარაფა, ნახევარმცველები ჯოზეფ მბონგი, რაიან კამენზული, ხუან კარლოს კორბალანიდა.

გუნდში მთავარ როლს ლეგიონერები თამაშობენ – მათგან ყველაზე ცნობილი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მონაწილე, იტალიის ნაკრების მეკარე, 40 წლის ფედერიკო მარკეტია (2009-2016 წლებში ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა), რომელსაც „კალიარისა“ და „ლაციოში“ უთამაშია, გასულ სეზონში „სპეციაში“ ერთი შეხვედრა ჩაატარა. კარიერას კი, როგორც ჩანს, მალტაზე დაასრულებს.

მისი შემცვლელია ბრაზილიელი მეკარე ტომი. გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მისივე თანამემამულეები – ნახევარმცველი ედერი და სერია A-ში ნათამაშები ნახევარმცველი მარსელინიო ემერსონი, ასევე – ბულგარელი ნახევარმცველი იულიან ნენოვი, განელი და მონტენეგროელი თავდამსხმელები – სეტ პენტსილი და უროშ დურანოვიჩი.

ევროპული გამოცდილება

„ჰამრუნ სპარტანსმა“ ევროტურნირებზე ყველაზე დიდი წარმატებით წინა სეზონში ითამაშა, კონფერენს ლიგაზე დაამარცხა სომხური „ალაშკერტი“ (4:1, 0:1), ბოსნიური „ველეჟი“ (1:0, 1:0), ბულგარული „ლევსკი“ (2:1, 0:1, 4:1 – პენალტების სერიაში), ბოლოს კი პლეი ოფში ბელგრადის „პარტიზანთან“ დამარცხდა (3:3, 1:4).

საქართველოს ჩემპიონის მსგავსად, „ჰამრუნიც“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც ისრაელის ჩემპიონთან, ჰაიფას „მაკაბისთან“ დამარცხდა – შინ 0:4, სტუმრად 1:2.

მწვრთნელის და მოთამაშის იმედები

პრესკონფერენციაზე ლუჩანო ძაურიმ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯოზეფ მბონგმა ისაუბრეს.

ლუჩანო ძაური: „ვიცით „დინამო თბილისის“ შესაძლებლობები – სწრაფი და ორგანიზებული გუნდია, მაგრამ შევეცდებით, პირველ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ. „ჰამრუნს“ ამის პოტენციალი აქვს, ჩვენი გუნდის იმედი მაქვს“.

ოზეფ მბონგი: „დიდი იმედი მაქვს, ეს მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ, რადგან მათ შეუძლიათ, მე-12 მოთამაშის რანგში დაგვეხმარონ“.

საპასუხო მატჩი და მესამე ეტაპი

„ჰამრუნ სპარტანსთან“ საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ 3 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფერენცვაროშისა“ (უნგრეთი) და „შემროკ როვერსის“ (ირლანდია) წყვილის გამარჯვებულს 10 და 17 აგვისტოს დაუპირისპირდება.