კონფერენს ლიგა - „ლეხმა“ „აუსტრია“ დაამარცხა, ქართველებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა - „ლეხმა“ „აუსტრია“ დაამარცხა, ქართველებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ კონფერენს-ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

C ჯგუფის შეხვედრა პოზნანში გაიმართა. პოლონეთის ჩემპიონმა ავსტრიელებთან მთლიანობაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა. თუმცა „აუსტრიას“ პირველი ტაიმის მოგება შეეძლო. ნიკა კვეკვესკირმა პოლონელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი წიტაიშვილი კი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ანგარიში 28-ე წუთზე მიქაელ იშაკმა გახსნა და პოლონელები დააწინაურა, მაგრამ „აუსტრიას“ ნახევარმცველმა მატიას ბრაუნოდერმა ერთ წუთში წონასწორობა აღადგინა, 36-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ამ შესანიშნავი შანსით მანფრედ ფიშერმა ვერ ისარგებლა.

პოზნანის „ლეხმა“ მეორე ნახევარში მეტოქე დაჩაგრა და „აუსტრიას“ კარი სამჯერ აიღო. 64-ე წუთზე გუნდი მიხალ სკორასმა დააწინაურა, ხოლო მასპინძელთა მესამე და მეოთხე გოლი კრისტოფერ ველდეს (76, 90) ანგარიშზეა.

კონფერენს-ლიგის  C ჯგუფში გამართული 2 მატჩის შემდეგ პოლონეთის ჩემპიონმა 3 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, პირველზე კი „ვილიარეალია“, რომელმაც ბეერ-შევას „ჰაპოელი“ გასვლაზე 1:2 დაამარცხა და 6 ქულით გალიდერდა.