კონფერენს ლიგა | ბათუმის „დინამომ“ ევროსეზონი პირველივე ეტაპზე დაასრულა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ალბანეთში გამართული მატჩის 1:1 დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამოს“ მომდევნო წრეში გასვლის უკეთესი შანსი ჰქონდა. „ბათუმი არენაზე“ ჩატარებულ შეხვედრაში ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი 28-ე წუთზე დაწინაურდა – ფლანგური გადაცემა რეჯი ლუშკიამ დააგვირგვინა (0:1).
შესვენების შემდეგ ბათუმელები ალბანელების დაცვის გატეხვას ცდილობდნენ და ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. გიორგი ზარიას და გიორგი წიტაიშვილის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, 78-ე წუთზე კი ალბანელების იშვაითი შეტევა ერდიტ დელიუს გოლით დასრულდა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ანგარიშის შემცირება 90-ე წუთზე მოახერხა. ღუდუშაური-ვაწაძის შეტევა კაპანაძემ გოლით დააგვირგვინა. თუმცა, ბათუმელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და ევროსეზონში პირველივე მეტოქესთან დამარცხდნენ, „ტირანამ“ კი შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.